განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, მასწავლებლობის მსურველებს გამოცხადებული ვაკანსიების ნახვა www.pedagogi.ge-ზე შეეძლებათ.
„ვებგვერდზე იტვირთება სკოლების ვაკანსიები. სკოლას საათების განაწილება უნდა მოეხდინა ჯერ შიდა რესურსით, რადგან სკოლაში მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საათები დაიმატონ. ამ გადაწყვეტილებას თავად სკოლები იღებენ, თუმცა, სადაც ვაკანსია წარმოიშვება, ამ ინფორმაციას დირექტორები კონკრეტულ ვაკანსიებს ვებგვერდზე განათავსებენ. ასევე პირებს, რომლებსაც სურთ სკოლაში დასაქმება, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის საინტერესო ვაკანსია, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე, როგორც მასწავლებლობის მსურველები. ამ ინფორმაციის ნახვა დირექტორებსაც შეუძლიათ და პედაგოგობის მსურველებიც ყოველდღიურ რეჟიმში იქნებიან ინფორმირებულნი ვაკანსიების შესახებ. კონკურსების გამოცხადება თვის ბოლოს დაიწყება. ამ ეტაპზე სკოლები აჯამებენ ინფორმაციას კონკრეტული ვაკანსიების შესახებ. თვის ბოლოდან ვაკანსიები გამოცხადდება და სრული პროცესი სექტემბრის დასაწყისში სწავლის დაწყებამდე დასრულდება“, – განაცხადა აბულაძემ.