განათლების სამინისტრო მაისიდან ზრდასრულთა პროფესიული გადამზადების კურსებზე რეგისტრაციას იწყებს
განათლების სამინისტრო მაისიდან სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამშენებლო მიმართულებით ზრდასრულთა პროფესიული გადამზადების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაციას იწყებს.
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 70-ზე მეტი კომპანიის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გადამზადება მთლიანად სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით მოხდება და უფასო იქნება.
როგორც კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ განმარტა, მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ არავითარი მიმართულებით განათლება ან კვალიფიკაცია, საშუალება ექნებათ მიიღონ ცოდნა, გადაემზადონ და შესაბამისად დასაქმდნენ.
მისი თქმით, კურსები იქნება როგორც ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე ისეთი ახალი პროფესიების კუთხითაც, როგორიცაა ლიფტების შემკეთებელი.
„ზრდასრულთა გადამზადების კურსები არის სამთვიანი ან ოთხთვიანი, რომელზეც და რა უნარებზეც შეთანხმდება დამსაქმებელი და კოლეჯები. მოქალაქეს, რომელსაც გადამზადების სურვილი ექნება რომელიღაც კონკრეტულ სეგმენტში, ექნება სრული წვდომა ყოველგვარი ტესტირების გარეშე თავის არჩეულ პროფესიაზე, თავის არჩეულ კოლეჯში მივიდეს და მიიღოს განათლება, რომელიც მას დასაქმებისთვის სჭირდება“, – განაცხადა ტაკიძემ.