განათლების სამინისტრო - მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება. აღნიშნული აზიანებს სასწავლო პროცესს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს (მათ შორის, გეგმიურად და საჩივრის საფუძველზე) სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. ეს არის სამუშაო პროცესი და ემსახურება სკოლებში ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას, მართვის ხარისხის შეფასებასა და შესაბამის რეაგირებას.
2012 წლიდან ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა განათლების სფეროს დეპოლიტიზაციაა და სამინისტრო არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.