განათლების სამინისტრო გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განმარტავს, საგრანტო კონკურსის გამოცხადება თებერვალში იგეგმება და განაცხადების მიღების ვადად განსაზღვრულია 14 კალენდარული დღე, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ.
მოგეხსენებათ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, საგრანტო კონკურსის, „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში“ ხელახლა გამოსაცხადებლად საჭიროა საგრანტო დებულების და კომისიის მიერ კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.
გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. საგრანტო კონკურსის გამოცხადება იგეგმება მიმდინარე წლის თებერვალში. განაცხადების მიღების ვადად განსაზღვრულია 14 კალენდარული დღე, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი. ამასთან, კონკურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგეგმება საგრანტო დაფინანსების ზრდა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური, კვალიფიციური წევრებისაგან. მათ შორის, იქნებიან: გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის და სხვა.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.