განათლების სამინისტრო და UNICEF მასწავლებელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებენ
განათლების სამინისტრო და UNICEF მასწავლებელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ​ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პედაგოგთა და პროფესორ-მასწავლებელთა ვაქცინაციის გეგმები განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რისთვისაც აუცილებელია განათლების სისტემაში დასაქმებულთა იმუნიზაცია და ამ გზით უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

მინისტრმა ღასან ხალილს განათლების სისტემის წარმომადგენელთა ვაქცინაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით. მინისტრის თქმით, ამგვარი პირობები შეიქმნა იმისათვის, რომ განათლების სექტორში დასაქმებულებმა მარტივად შეძლონ ვაქცინაცია და ამ გზით ერთმანეთისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

თავის მხრივ, ღასან ხალილმა განაცხადა, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. შეხვედრები მიზნად ისახავს აუდიტორიისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და მას ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან. ღასან ხალილმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრების შემდეგ ბევრი მასწავლებელი ერთვება იმუნიზაციის პროცესში.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, რისთვისაც საქართველოს მასშტაბით სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ​ ღასან ხალილის მოადგილე ემი ქლენსი და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.