განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს, რომელიც მათ მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას განათლების სმაინისტრო ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.
განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება.
რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე el.ge, ვებინარების ბლოკში უკვე განთავსებულია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები, და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.
უწყებაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებისთვის მომზდებაში გაუწევს დახმარებას.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.