განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასწავლებლების ნაწილს გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის საკლასო ოთახში გადატანის უნარი არ აქვს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს, რომ მასწავლებლებს გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის საკლასო ოთახში გადატანის უნარი არ აქვთ.
ეკა დგებუაძეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. როგორც მან აღნიშნა, ბევრი წელია, მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება, თუმცა მათ საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მიიტანეს.
„რატომ არ ვთქვით ჩვენ, რომ საქართველოში არსებულ 2083 სკოლაში ერთდროულად დავიწყებთ მასწავლებლების გადამზადებას. ვამზადებთ ძალიან ბევრი წელია, მაგრამ გადამზადების შედეგად მასწავლებელმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მოიტანა. შეიძლება მიიტანა, ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მთლიანი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, არის საკმაოდ რთული მდგომარეობა. შეიძლება იმეცადინა, ისწავლა, მაგრამ გაკვეთილზე როგორ განახორციელოს ის მიღებული ცოდნა, გადასცეს, დაგეგმოს, უკვე პრაქტიკაში გადაიტანოს, აღმოჩნდა, რომ ეს უნარი მასწავლებლებს არ აქვთ“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.