განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროზე დღეს მოხდება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა. ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
პროექტით ზუსტდება, რომ იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ გადაინიშნებიან შესაბამის სამინისტროებში (განათლებისა და მეცნიერების სფეროში დასაქმებულები – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულები – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში).
მთავრობა განმარტავს, რომ თანამშრომლები, რომლებიც არ მუშაობენ სფეროების მიხედვით, გადაინიშნებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.