განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას შესაძლოა, შტატების შემცირება მოჰყვეს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას შესაძლოა, შტატების შემცირება მოჰყვეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროს რეორგანიზაციას შესაძლოა, შტატების შემცირება მოჰყვეს.

მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის შესაბამისი ბრძანება განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია 2018 წლის 12 ივლისიდან, რომელსაც შესაძლოა, მოყვეს შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსლიებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 2018 წლის 12 ივლისიდან ჩითვალონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებულ პირებად, შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი სარგოები და გააგრძელონ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, განათლებისა და კულტურის სამინისტროები გაერთიანდნენ. გაერთიანებული უწყების მინისტრად კი, მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა.