განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბადრი მაისურაძე 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. 2019 წელს მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ვერდის ფესტივალს საქართველოში.

ბადრი მაისურაძე იყო ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრის, პუჩინის ფესტივალის, კორეის ნაციონალური ოპერის, ჰონგ-კონგის ოპერის, სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის სახელობის თეატრის კონსულტანტი, ასევე, ხელმძღვანელობდა ART FESTIVAL (პრაღა და უმბრია) და მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალებს.

ბადრი მაისურაძე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ვინჩენცო ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, საოპერო მუსიკის კონკურსი „ჯოვანი მარტინელი-აურელიანო პერტილე“ (ჟიურის თავმჯდომარე). იგი თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN ჟიურის თავმჯდომარეა.

ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მაისურაძე არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორისაა, ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი (ესპანეთი) და იუსი ბიორლინგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (შვედეთი). იგი მეგობრობის საერთაშორისო ორდენის კავალერია.

ბადრი მაისურაძემ განათლება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იყო, რომელმაც თანამდებობა 5 ივლისს  დატოვა.