განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, არ მიიღონ არაავტორიზებული სასწავლებლების შეთავაზება და გახდნენ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.
ცენტრის ინფორმაციით, ასეთი შეთავაზებების შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა და სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა – ავტორიზაცია, რაც კანონით სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც,“ – აცხადებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი.
უწყების განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ავტორიზაციის გარეშე საგანმანათლებო საქმიანობა და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება დასჯადია.