განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი - დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს შეუძლიათ, სწავლა გააგრძელონ მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, – ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.
ცენტრში აღნიშნავენ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე მონიტორინგს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას.
„მოგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 თებერვლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის პირობების შემოწმების საკითხი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია.
განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია მარნეულში დღეისათვის არსებულ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შესახებ“, – აღნიშნულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოსწავლეთა მობილობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2023 წლის 8 მარტიდან.
„შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმი, დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო გახდება და გამოქვეყნდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კანონით დადგენილ ვადაში, საბჭოს სხდომის ჩატარებიდან ათ სამუშაო დღეში“, – ნათქვამია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.