განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ადვოკატირების ფორუმი გაიმართა
მეწარმეობა და დასაქმების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, – ამ სახელწოდებით, ადვოკატირების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ–ში ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების პერსპექტივების განხილვა, რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის და მათი გათვალისწინება მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში, საბოლოოდ კი ახალგაზრდებისთვის მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება.
„ფორუმი დაინტერესებულ მხარეებს შორის ღია დიალოგის ხელშეწყობისთვის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ახალგაზრდების კეთილდღეობაზე პირდაპირი ფორმით აისახება პოლიტიკის ცვლილება, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორში, ასევე, სერვისების განვითარების სფეროში. ადვოკატირების ფორუმის საშუალებით, ახალგაზრდები შეძლებენ პირდაპირი ფორმით ჩაერთონ რეკომენდაციების მომზადების პროცესში და ამ გზით, ხელი შეუწყონ მათივე საჭიროებაზე დაფუძნებული პოლიტიკის ფორმირებას“ – განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ.
ადვოკატირების ფორუმის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ვინსენტ დონტომ, ახალგაზრდების სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 160–მა მონაწილემ.
ფორუმი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, გაიმართა. პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.