გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებლები, რომლებიც სეტყვამ დააზარალა, დახმარებას მიიღებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებლები, რომლებიც სეტყვამ დააზარალა, დახმარებას მიიღებენ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს. შესაბამისი მემორანდუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის დღეს გაფორმდა. ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მაისის ბოლოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად ერთი მილიონი დოლარი გამოიყო, რის მეშვეობითაც ქართული და ამერიკული მხარეების მიერ სწრაფი რეაგირების პროექტი შეიქმნა. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა.

ქეთევან ციხელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსახლეობა, რომელიც გამყოფი ხაზების პირისპირ ცხოვრობს, სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობისა და თავიანთი მეურნეობის აღდგენის შესაძლებლობა. ეს თანხები სრულად ზარალის შედეგების აღმოფხვრისაკენ იქნება მიმართული. ასევე იქითკენ, რომ დავეხმაროთ მათ, დამაგრდნენ საკუთარ მიწაზე, ჰქონდეთ თავიანთი საქმიანობა და განვავითაროთ ეს რეგიონები. ეს არ არის ერთადერთი, რასაც საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახორციელებს. არსებობს ძალიან კომპლექსური პროგრამა „ზრდა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ეკონომიკური ინიციატივის წახალისება ხდება და ვფიქრობ, მომავალში ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით მხოლოდ გაფართოვდება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გასაჭირის დროსაც, რაც ბუნებრივ კატაკლიზმას და ასევე ხელოვნურ კატაკლიზმებს – მავთულხლართებს უკავშირდება, ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.