ფონდ „ახალი საზოგადოების“ ინიციატივითა და რაგბის კავშირთან პარტნიორობით, Entrepreneur Georgia-მ პირველი ქართული სარაგბო კომიქსი „შერკინება“ გამოსცა, რომლის შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიებში.
კომიქსის მიზანია რაგბის, ზოგადად სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ასევე სკოლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის რაგბის ღირებულებების და წესების მარტივი ენით მიწოდება.
ისტორია რეალურ ამბავზეა აგებული. მოქმედება ქუთაისში ხდება, სადაც 12 წლის ვაკოს ძალიან უყვარს რაგბი და სურს, უფროს ძმასავით წარმატებული მორაგბე გახდეს, რათა დაიცვას სკოლის ღირსება სასკოლო ჩემპიონატში. ვაკოს ამ გზაზე არაერთ სირთულესთან უწევს შერკინება.
„ახალგაზრდების ჰარმონიული განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. რაგბი ბავშვების განვითარებისთვის სპორტის გამორჩეული სახეობაა. აქ 15 პოზიციაა და ეს გაძლევს შესაძლებლობას, ყველა ზომისა თუ წონის ბავშვი ათამაშო. ამას ემატება ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ. დღეს საქართველოში რაგბი თითქმის ყველას უყვარს, მაგრამ ბევრს არ აქვს გათვითცნობიერებული მისი წესები და რაობა, კომიქსის მეშვეობით კი ბავშვები რაგბს ადვილად შეისწავლიან.
დაგეგმილი გვაქვს კიდევ რვა სერიის გამოცემა. ზოგადად, სპორტული კომიქსები მსოფლიოში პოპულარულია, „შერკინება“ კი პირველი ქართული სპორტული კომიქსია, რომლის სიუჟეტი და თემატიკა თავიდან ბოლომდე ქართულია და საინტერესო ნახატებითაა გაფორმებული. გამოცემამდე კომიქსმა დიდი გზა გაიარა, ორჯერ იყო წარდგენილი ანგულემის (საფრანგეთი) კომიქსების საერთაშორისო ფესტივალზე და დიდი მოწონება დაიმსახურა“, – ამბობს პროექტის ავტორი და „ახალი საზოგადოების“ დამფუძნებელი ლუკა ქამუშაძე.
პირველი სარაგბო კომიქსის გამოცემას მიესალმება რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი ნიკა ალავიძე:
„ეს არის საგანმანათლებლო სახის ისტორია ორ ძმაზე, რომლებიც რაგბის სკოლის გუნდში თამაშობენ. რაგბის ღირებულებები და შინაარსი კარგად არის გადმოცემული როგორც თხრობითი, ასევე ვიზუალური სახით. საინტერესო ისტორიას თან ახლავს მარტივად ახსნილი რაგბის წესები, ტერმინების განმარტებები. ის ხელს შეუწყობს რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებას, რადგან სახალისო საკითხავია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის“.
rugby.ge