გამოკითხვით, ევროპელების დიდი ნაწილი ომსა და ძალადობას გამოქცეული მიგრანტების მიღების მომხრეა
აშშ-ის სოციოლოგის ინსტიტუტის, Pew-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროპელების 77 პროცენტი რთული პირობებიდან გამოქცეული მიგრანტების მიღებას მხარს უჭერს.
კვლევა იმ ქვეყნებში ჩატარდა, რომლებიც მიგრაციული კრიზისის ეპიცენტრში იმყოფებიან.
გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ გერმანიის მოსახლეობის 82 პროცენტი ზემოთ აღნიშნული პირობებიდან გამოქცეული მიგრანტების მიღებას მხარს უჭერს. წინააღმდეგი მხოლოდ 16 პროცენტია.
აღნიშნული იდეის ყველაზე მეტი მხარდამჭერი ესპანეთში აღმოჩნდა, სადაც ომსა და ძალადობას გამოქცეული მიგრანტების მიღებას მხარი 86-მა პროცენტმა დაუჭირა.
ომს გამოქცეული მიგრანტების მიმართ ყველაზე არატოლერანტული უნგრეთი აღმოჩნდა. ცენტრალური ევროპის სახელმწიფოს მოსახლეობის მხოლოდ 32 პროცენტს სურს თავის ქვეყანაში ძალადობას გამოქცეული მიგრანტები მიიღოს.
ამერიკული სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ევროპელების დიდი ნაწილი მიგრაციულ კრიზისთან ევროკავშირის ბრძოლის გზებით უკმაყოფილოა.