გამოკითხვის თანახმად, თურქეთის ეკონომიკის ნდობის ინდექსი მკვეთრად დაეცა
გამოკითხვის თანახმად, თურქეთის ეკონომიკის ნდობის ინდექსი მკვეთრად დაეცა

თურქეთის ეკონომიკის ნდობის ინდექსი აგვისტოს თვეში თითქმის ათწლიანი პერიოდის ყველაზე დაბალ მაჩვენებლზე დაეცა, რაც ისედაც დასუსტებულ ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად აისახა.

ქვეყნის ეკონომიკის ნდობის ინდექსი, რომელიც გასულ თვეში 92.2-ზე იდგა, აგვისტოში 83.9-მდე შემცირდა, რაც 2009 წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, თურქული ეროვნული ვალუტა ლირა კიდევ უფრო გაუფასურდა და ერთმა დოლარმა 6.4 ლირა შეადგინა.

თურქეთის ეკონომიკის ნდობის ინდექსი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ საზოგადოებისა და ბიზნესის დამოკიდებულებას ზომავს და დგება როგორც მომხმარებლის, ისე მეწარმეების შეფასებების საფუძველზე. შეფასება თავის მხრივ ეყრდნობა გამოკითხულთა მოლოდინებსა და აზრს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ. თუ ინდექსის მაჩვენებელი 100-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის მიმართ საზოგადოებასა და ბიზნესში ოპტიმისტური განწყობაა, თუ 100-ზე ქვემოთ დგას – მაშინ დამოკიდებულება პესიმისტურია.

ანალიტიკოსები ინდექსის გაუარესებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოლიტიკურ განხეთქილებას უკავშირებენ, რომელსაც შედეგად ეკონომიკური დაპირისპირებაც მოჰყვა, აშშ-მა თურქული ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა. პასუხად ანკარამ ამერიკულ ალკოჰოლი 140 პროცენტით, ავტომობილები და თამბაქო კი 120 და 60 პროცენტით დაბეგრა. ასევე ტარიფები გააორმაგა ამერიკულ კოსმეტიკურ ნაწარმზე, ბრინჯსა და ქვანახშირზე.
თურქეთის ეკონომიკა საგარეო ვალის მაღალი მოცულობის გამო საკმაოდ მოწყვლადად ითვლება, რაც ძირითადად დოლარშია აღებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, თურქეთის უცხოურ ვალუტებში აღებული ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნახევარზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, რაც უფრო უფასურდება ლირა, მით უფრო იზრდება ვალი.

გარდა ამისა, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, თურქეთის ეკონომიკის მართვა ბოლო წლებში არასწორად ხდებოდა და ქვეყნის მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ თურქეთი მუდმივად ეძებს ფინანსებს საგარეო ვალის დასაფარად. თუმცა, თურქეთის ეკონომიკის სირთულე სპეციფიკურია და სხვა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებზე წესით, არ უნდა გავრცელდეს.
ინვესტორებს ცენტრალური ბანკის ფუნქციებში მთავრობის ჩარევაც აფრთხობს, რომელიც ეროვნულ ბანკს საპროცენტო განაკვეთის ზრდის გზით ინფლაციის შემცირების საშუალებას არ აძლევს. ფინანსთა მინისტრად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძის დანიშვნამაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
ლირის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც გუშინ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა განაცხადა, რომ სავალუტო კრიზისის გაურესების გამო, თურქულ საბანკო სექტორს რისკები გაეზარდა და 20 ფინანსურ კომპანიას რეიტინგები შეუმცირა.
ჰოლანდიურმა მსხვილმა საპენსიო ფონდმა, ABP Invest-მა გასულ თვეში გააკეთა განცხადება, რომ თურქეთმა ეკონომიკაში ბალანსის აღსადგენად ან ორთოდოქსული ეკონომიკური პოლიტკა უნდა გაატაროს, ან გააგრძელოს ამჟამად მოქმედი კურსი, რაც „დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე სრული ფინანსური და სავალუტო კრიზისით დასრულდება და შემდეგი 12 თვის მანძილზე სავალუტო ფონდის ჩარევა გახდება საჭირო.
.