გამოკითხვების მიხედვით, უკრაინის რადას ვადამდელ არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი ხუთ პარტიას აქვს
უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი ხუთ პარტიას აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ სოციოლოგიურ გამოკითხვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევები აჩვენებს, რომ პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ პარტიებს: უკრაინის პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახური“, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“ და მომღერალ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ არჩევნებში პრეზიდენტ ზელენსკის პარტიამ შესაძლოა 40 პროცენტზე მეტი მოიპოვოს. პარტია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ბოლო მონაცემებით 10 პროცენტზე მეტს იღებს, დანარჩენ პარტიებს კი 5-დან 10 პროცენტამდე აქვთ.
პარტია „ხალხის მსახური“ ჯერჯერობით ინარჩუნებს დაპირებას, რომ პარლამენტში სრულიად ახალ სახეებს შეიყვანს. პარტიის მიერ წარმოდგენილ სიაში არც ერთი მოქმედი დეპუტატი არ არის. სიის პირველ ათეულშია ზელენსკის ახლო წრე სტუდია „კვარტალი 95“-დან და წინასაარჩევნო კამპანიიდან. ასევე ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ტელეკომპანია „1+1“-ის დირექტორი, ალექსანდრ ტკაჩენკო და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, ჟან ბელენიუკი.
საწინააღმდეგო ხდება პარტიაში „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, სადაც საარჩევნო სია უკრაინისთვის კარგად ნაცნობი სახეებით არის დაკომპლექტებული. სიის პირველ ათეულშია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი ლევოჩკინი, რუსეთის პრეზიდენტის ოჯახის ნათესავი, ვიქტორ მედვედჩუკი და ტელეკომპანიების „ნიუს ვან“-ის, „112“-ის და „ზიკ“-ის მფლობელი ტარას კოზაკი, რომელიც მედვედჩუკის მეგობარია.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის საარჩევნო სიაში არიან დეპუტატები, საჯარო მოხელეები, „ბლოკ პეტრო პოროშენკოს“ და „ეროვნული ფრონტის“ წევრები. მათ შორისაა რადის სპიკერი, ანდრეი პარუბი. პოროშენკოს პარტიაში ცალკე აღნიშნავენ, რომ სიის 30 პროცენტს ქალები შეადგენენ.
იულია ტიმოშენკომ საარჩევნო სია სანდო პარტნიორებით დააკომპლექტა. სიაში არიან საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშინას“ ვიცე-თავმჯდომარე, სერგეი სობოლიოვი, ტიმოშენკოს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელი, ალექსანდრ აბდულინი, 2011 წლის ე.წ. „გაზის საქმეში“ ტიმოშენკოს ადვოკატი, სერგეი ვლასენკო და საოლქო პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ტიმოშენკოს სიაშია უფრაქციო დეპუტატი, ბიზნესმენი, სერგეი ტარუტა და უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ვალენტინ ნალივაიჩენკო.
მომღერალ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტიულ სიას რთულად შეიძლება ეწოდოს ახალი სახეებით განახლებული. სიაში არიან ყოფილი საჯარო მოხელეები და მთავრობის მრჩევლები, ასევე აქტივისტები, ინოვაციური მეწარმეები და უფლებადამცველები.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება.