გამოკითხვა - ევროპარლამენტის არჩევნების წინ დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტის პარტია“ ლიდერობს
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ევროპარლამენტის არჩევნებში დიდი ბრიტანეთიდან „ბრექსიტის პარტია“ ლიდერობს. ნაიჯელ ფარაჯის პარტიას ხმას ამომრჩეველთა 34%-ი აძლევს, რაც ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების ამომრჩეველთა პროცენტულ რაოდენობაზე მეტია. გამოკითხვა სოციოლოგიურმა სამსახურმა „ოპონიუმმა“ ჩაატარა და შედეგები გამოცემა „ობზერვერში“ გამოქვეყნდა.
ამრიგად, „ბრექსიტის პარტია“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა, ევროპარლამენტში დიდი ბრიტანეთიდან ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანელი ლეიბორისტები ხმების 21%-ს მიიღებენ, ხოლო კონსერვატორები 11%-ს დაჯერდებიან.
ამავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩევლების 36%-მა არ იცის, რა პოზიცია აქვთ ბრექსიტზე მმართველ კონსერვატიულ პარტიაში. გამოკითხულთა 38%-ი იმავეს ამბობს ლეიბორისტებზე.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში 23 მაისს გაიმართება. დიდი ბრიტანეთი არჩევნებში ბრექსიტის გაჭიანურების გამო მიიღებს მონაწილეობას. ბრიტანეთს ევროპარლამენტში 73 დეპუტატის შეყვანა შეუძლია.