გამოკითხულთა 17 პროცენტი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, 14 პროცენტი - „ნაციონალურ მოძრაობას“
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.
კერძოდ კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი აქვთ თუ არა, ვის მისცემენ ხმას, 60% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, 35% კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს.
ამასთან, გამოკითხვის შედეგებით, 27 პროცენტმა არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდა ხმას.
გამოკითხულთა 17% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, 16%-ის პასუხი ამავე კითხვაზე არის – „არც ერთი პარტია“, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისთვის მზადყოფნა 14%-მა გამოთქვა.
კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა. სამმა პროცენტმა თქვა, რომ ხმას „ევროპული საქართველოს” მისცემდა, ასევე 3% ერგო კვლევის შედეგებით, „პატრიოტთა ალიანსს”.
კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას – 65% ამბობს, რომ მიიღებს მონაწილეობას, 35% – არ მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, იმ 65%-დან, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს, 44% ამბობს, რომ უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვის მისცემს ხმას, 53% კი, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
ვინც აპირებს არჩევნებზე მისვლას იმ 65%-დან 27%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რომელ პარტია/გაერთიანებას მისცემდა ხმას. მათგან 20% „ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს, 15% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას გეგმავს, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას -13%. პასუხზე უარი თქვა -12%-მა, „ევროპულ საქართველოს” და „პატრიოტთა ალიანსს“ ხმას მისცემდა – 4-4%, სხვა პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერი ექვსი პროცენტია.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინა.
აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.