გამოძიების მასალების თანახმად, ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შესასრულებლად ხარკოვიდან თბილისში გამოგზავნილი პირი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია
გამოძიების მასალების თანახმად, ხარკოვიდან ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შესასრულებლად, კრიმინალური ავტორიტეტების მიერ თბილისში გამოგზავნილი პირი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა მისი ჩვენება, რომელიც აღკვეთილი დანაშაულის შესახებ დეტალურად ყვება. უკრაინის უსაფრთხოების ოპერმუშაკის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც ხარკოვში დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოში დაგეგმილი მკვლელობის შემსრულებელ სანდო პირს ეძებდნენ, ის მათი გარემოცვის წევრს, ბოგდან მალეცის დაუახლოვდა, ნდობა მოიპოვა და თბილისში გამგზავრების და მკვლელობის შესრულების დავალებაც ჩაიბარა. ბოგდან მალეცი უკრაინაში მკვლელობის შემკვეთის სტატუსით უკვე დაკავებულია.
„ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში უკრაინის მოქალაქე ბოგდან მალეცი ეძებდა მისთვის სანდო პიროვნებას, ვისაც შეუკვეთავდა საქართველოს მოქალაქეების გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას. დადგინდა, რომ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობა უნდა განხორციელდეს საქართველოში, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის აგვისტოს თვიდან უკრაინის უშიშროების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ანგარების მუხლით.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ მოხდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირება, საიდანაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენს უწყებაში მიმდინარეობდა გამოძიება. ბოგდან მალეცთან შეთანხმებით, უნდა ჩამოვსულიყავი საქართველოში, რათა მისი დახმარებით შევხვედროდი ამ დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა პირებს შეკვეთილი მკვლელობის შესასრულებლად კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. 2019 წლის 14 ოქტომბერს ჩამოვედი საქართველოში“, – აცხადებს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.
ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა. ამ საქმეზე, ბათუმში დაკავებულ ოთხ და თბილისში აყვანილ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 იანვარს შეეფარდათ.