გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ ინფორმატორს ჯო ბაიდენისა და მისი შვილის შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემაში ბრალი წაუყენეს
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ ინფორმატორს, ალექსანდრ სმირნოვს ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენებების მიცემაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია „ბურიზმასთან“ კავშირების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, დევიდ ვაისმა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის ჰანთერ ბაიდენის საქმეს იძიებს.
43 წლის სმირნოვი აშშ-ში დაბრუნებისას, ლას ვეგასში გუშინ დააკავეს. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა ენერგოკომპანია „ბურიზმამ“ მილიონობით დოლარი გადაუხადა ჯო ბაიდენს და მის ვაჟს. ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში „ბურიზმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
კერძოდ, სპეცპროკურორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალექსანდრ სმირონოვს ბრალი ედება გამოძიებასთან დაკავშირებით ცრუ განცხადების და ცრუ და ფიქტიური ჩანაწერების გაკეთებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„თვეების განმავლობაში ჩვენ ვაცხადებდით, რომ რესპუბლიკელების კონსპირაციები ჰანთერ ბაიდენისა და მისი ოჯახის შესახებ იმ ტყუილებზე იყო აგებული, რომლებსაც პოლიტიკური წესრიგის მქონე პირები ავრცელებდნენ და არა – ფაქტებზე“, – განაცხადა ჰანთერ ბაიდენის ადვოკატმა, ები ლოუელმა.
დეკემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები დემოკრატ პრეზიდენტს და მის ოჯახს ადანაშაულებენ არამართლზომიერი შემოსავლის მიღებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან, რომლებშიც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის დროს მონაწილეობდა.