გამოძიების დასრულებამდე, მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოხსნეს
ეს გაგდებაზე უარესია, მინდა, იცოდეთ, – ასე აფასებს სოციალურ ქსელში მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მისი მოხსნის გადაწყვეტილებას.
დღეს გახდა ცნობილი, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით, მსახიობი ბესო ზანგური დროებით მოხსნეს ყველა როლიდან. ბესო ზანგური რეპერტუარის ყველა როლიდან გამოძიების დასრულებამდეა მოხსნილი.
მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან 11 წლის წინ ინტენსიურ ძალადობაზე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა. ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. საკითხით დაინტერესდნენ სამართალდამცველებიც. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, როგორც ნინუცა მაყაშვილმა საქართველოს პირველ არხს უთხრა, გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. კომენტარისთვის დავუკავშირდით ბესო ზანგურსაც, რომელიც ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
იქამდე, რუსთაველის თეატრმა მოხსნა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი „იულიუს კეისარი“, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.