ავღანეთიდან გასვლის შემდეგ აშშ-მა დასავლეთის ალიანსების ერთგულ სახელმწიფოებთან, მათ შორის, საქართველოსთან უნდა იმუშაოს, – ამის შესახებ ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.
ვაშინგტონში განლაგებული „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ მკვლევარი იანუშ ბუგაისკი წერს, რომ „აშშ-მა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს გადამწყვეტ რეგიონებში მდებარე ქვეყნებთან, რომლებიც დასავლეთის ალიანსების ერთგული არიან“.
„აშშ-ს შეუძლია, გააძლიეროს ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორების შესაძლებლობები, რათა მათ უკეთ დაიცვან თავი რუსეთისა და ჩინეთის აგრესიისგან“, – წერს ავტორი.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონში აშშ-ისთვის მთავარი პარტნიორი საქართველოა.
„საქართველო რუსული ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ძალების თავდასხმითი ოპერაციების გზაჯვარედინზეა. ეს ოპერაციები ასევე, მოიცავს უკრაინას და მოლდოვას და მიზნად ისახავს ჩამოართვას ამ ქვეყნებს დასავლურ ინსტიტუტებთან გაერთიანების შესაძლებლობა“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო გამოწვევების გარდა, საქართველო ასევე „იგერიებს შიდა ძალების მცდელობას, დაანაწევრონ საზოგადოება არჩევნების დელიგიტიმაციისა და ეროვნული ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევით“.
„ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი, არჩევნების შედეგს და შესაბამისად, მარცხს არ აღიარებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. ისინი ამას აკეთებენ მყარი მტკიცებულებების არარსებობისა და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნის მიუხედავად. ამ საფრთხის გარეშე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატია მთელ მსოფლიოში ზეწოლის ქვეშაა იმ ძალების მხრიდან, რომლებსაც ხშირად უჭერენ მხარს და ეხმარებიან საზღვარგარეთ მყოფი საბოტაჟში ჩართული პირები“, – წერს „ჯეიმსთაუნ ფაუნდეუშენის“ მკვლევარი.
სტატიის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქვეყანა მუდმივად იმყოფება ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ერთგულია.
„ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მთავრობამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, გაატარა საარჩევნო რეფორმა, რაც შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან და რაც უზრუნველყოფს მეტ პროპორციულ წარმომადგენლობას მუნიციპალიტეტების დონეზე და გაზრდის მრავალპარტიული საკრებულოების ჩამოყალიბების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა „ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი არჩევნების დისკვალიფიკაციას ცდილობს“, რაც მისი თქმით, ძალიან ჰგავს ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანაში განხორციელებულ „ძირის გამომთხრელ ქმედებებს“. მას ასეთი ქვეყნების მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი მოჰყავს.
„საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტია რეგულარულად ამტკიცებს, რომ არჩევნებზე მასობრივ თაღლითობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ეუთო-ს. ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და აშშ-ის დემოკრატიის ხელშეწყობის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიგნებებს. საქართველის პროგრესი დაადასტურა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ, რომლის შეფასებითაც, ადგილობრივი არჩევნები იყო კონკურენტული, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ადმინისტრირებული. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კიდევ ერთი მანდატი, როდესაც მიიღო ამომრჩეველთა 47%-ის მხარდაჭერა ადგილობრივი არჩევნებისთვის შედარებით მაღალი აქტივობის პირობებში. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 31 %. არჩევნების ღამეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საიდუმლოდ დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა ის დააკავეს წარსულში ძალაუფლების გადამეტებისთვის. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ დაასრულა დემოკრატია და მისდევს პრომოსკოვის პოლიტიკას, თუმცა საქართველოს მთავრობა ერთგულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ეწინააღმდეგება რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას. ყოფილი პრეზიდენტი კრემლისთვის სასარგებლოდ თამაშობს, როდესაც ცდილობს არეულობის გაღვივებას, გააღრმავოს საზოგადოების პოლარიზაცია და ლეგიტიმაცია დაუკარგოს ინსტიტუტებს, როდესაც მოუწოდებს უსაფრთხოების სამსახურებს დაუმორჩილებლობისკენ“, – წერს ავტორი.
პუბლიკაციის ავტორის თქმით, არასტაბილური და დაყოფილი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დისკრედიტაცია უფრო ადვილია, რაც მოსკოვის სურვილიცაა, რადგან რუსეთს არ შეუძლია, თბილისს თავს მოახვიოს ლოიალური ადმინისტრაცია და კრემლს ყველაზე ნაკლებად სურს საქართველოში სტაბილურობა და კანონიერი არჩევნები, რაც სამაგალითო იქნება მეზობელი ქვეყნებისთვის და პირველ რიგში კი, საქართველოს მეზობლად მდებარე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკებისთვის.
„ამ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა განაგრძონ საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმები ინსტიტუციურ ჩარჩოში და უარი ათქმევინონ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ქუჩის კონფლიქტების და პოტენციური ძალადობის პროვოცირებაზე“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორის მოსაზრებით, ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ აშშ-ს სჭირდება სტრატეგიული წარმატების დემონსტრირება გადამწყვეტ შავი ზღვის რეგიონში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში დომინანტობას ცდილობს მოსკოვი, ხოლო ჩინეთი ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანში ფეხის მოკიდებას ისწრაფვის.
„აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერის გარეშე, რაც მოიცავს ნატო-ს წევრობის საგზაო რუკას, ევროკავშირის წევრობას და მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს, საქართველო სულ უფრო დაუცველი გახდება ანტი-დასავლური ქვეყნების ამბიციების მიმართ“, – წერს „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ მკვლევარი.