გამოცემა „ნიუსვიქი“ საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის სტატიას აქვეყნებს - როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს
როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ნიუსვიქი“ აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძის საავტორო სტატიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება.
სტატიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრაზე, რომელიც მომდევნო თვეში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის ფარგლებში უნდა გაიმართოს.
დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, ასევე გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავალში ინვესტიცია განახორციელა.
მისივე თქმით, არსებობს საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ საქართველო ნატო-სა და პუტინის დღის წესრიგში იყოს.
„საქართველო განაგრძობს რუსეთის მიერ დომინირებისა და დაშინების ყოველდღიური ძალისხმევისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული „მთავრობები“ ქმნიან არეულობას საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია“, – ვკითხულობთ სტატიაში.
დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, კიბერთავდასხმები, დაჰაკერება და ეკონომიკური მანიპულაციები რუსეთის ხრიკების ნაწილია. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება.
„რუსი „მშვიდობისმყოფებელთა“ ჯარები ახლა მთიან ყარაბაღში იმყოფებიან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.
მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
„უდიდესი საჩუქარი, რომლის მიღებაც ამ თარიღზე შეგვიძლია საქართველოს, შავი ზღვის, ჩვენი კოლექტიური თავისუფლებისა და შესაძლებლობების მიმართ ამერიკის განახლებული ყურადღებაა“, – ნათქვამია სტატიაში.