„ფორბსი“- რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე რაიონი გაათავისუფლეს
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 23 თებერვლის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტები 43 300 კვ.კმ-ზე, უკრაინის ტერიტორიის 7 პროცენტზე იმყოფებოდნენ, ახლა ეს ტერიტორია 2.9-ჯერ მეტია და 125 000 კვ.კმ-ს მოიცავს.
„ფორბსი“ წერს, რომ 2014 წლიდან რუსეთის არმიამ იმდენი უკრაინული მიწა დაიპყრო, რომ მათი საერთო ფართობი აღემატება უნგრეთისა და ბულგარეთის გაერთიანებულ ტერიტორიებს.
როგორც გამოცემა იუწყება, დროებით უკონტროლო ტერიტორიები მოიცავს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიას რეგიონების ნაწილებს და ქალაქ სევასტოპოლს. ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად გაათავისუფლეს კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, მიკოლაევისა და ჟიტომირის რაიონები. უკრაინის მთელი ტერიტორია 603 548 კვ.კმ-ია.
სტატიაში ცალკე თავი ეძღვნება ომში რუსულ სამხედრო დანაკარგებს, რომელიც „ფორბსის“ შეფასებით, 13 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ფორბსის“ თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული რუსული სამხედრო ობიექტი იყო სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“, რომლის ღირებულება 750 მილიონი დოლარია. „მოსკოვის“ გარდა, ყველაზე ძვირად ღირებული რუსული სამიზნეები იყო „ილ-76“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი (86 მილიონი დოლარი) და დიდი სადესანტო საჰაერო ხომალდი „სარატოვი“ (75 მილიონი დოლარი). გამოცემის თანახმად, ომის პირველ კვირებში განადგურებული რუსული აღჭურვილობის ღირებულება კვირაში სულ მცირე 1,5 მილიარდი დოლარი იყო, მაგრამ მოგვიანებით ეს მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში განადგურდა დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა.