გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დროულად გაიარონ
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დროულად გაიარონ.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, 19 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
„გვსურს, მოვუწოდოთ აბიტურიენტებს, დარეგისტრირდნენ 3 აპრილამდე. ამ დღეებში გაიარონ რეგისტრაცია, რადგან გვაქვს ხოლმე ასეთი სტატისტიკა, რომ ბოლო დღეებში ცდილობენ დარეგისტრირებას. ამ ეტაპზე, 19 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და ყოველდღე, რა თქმა უნდა, ციფრი იზრდება, მაგრამ მაინც გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად დროულად დარეგისტრირდნენ და ბოლო დღემდე არ მიიყვანონ ეს პროცესი“, – განაცხადა გორგოძემ.
მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას არ გეგმავს, სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში,საზოგადოებას ეცნობა.
2019 გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი, აღნიშნული ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.