Galt & Taggart - ლარის გამყარება ინვესტიციების, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების ზრდას უკავშირება
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ლარის გამყარება ინვესტიციების, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების ზრდას უკავშირება. კომპანიამ პირველი არხისთვის მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ანალიზი მოამზადა.
„Galt & Taggart-ი ლარის გაცვლითი კურსის 2.4 ნიშნულთან დაახლოებას გასული წლიდან პროგნოზირებდა. ლარის გამყარების ტრენდი გამოწვეულია მასზე მოქმედი ფუნდამენტალური ფაქტორების გაუმჯობესებით. 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა (5.0%), რაც საგარეო მოთხოვნის ზრდით იყო განპირობებული. ეს უკანასკნელი მყისიერად აისახა საექსპორტო შემოსავლების, ტურისტების და ფულადი გზავნილების მკვეთრად გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე. ასევე აღსანიშნავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული შემოდინება 2017 წელს. აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში არ შენელებულა და ჩვენი შეფასებით, შემდეგ თვეებშიც შენარჩუნდება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლის გაუმჯობესება დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე“, – აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები და ასევე აღნიშნავენ, რომ გაცვლითი კურსის მცირე სეზონური რყევები წელსაც მოსალოდნელია.
ამასთან, Galt & Taggart-ში ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვის ფაქტიც შეაფასეს.
„ჩვენ ასევე ვპროგნოზირებდით ეროვნული ბანკის ჩარევას ლარის მკვეთრი გამყარებისას. ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 3 აპრილს უკვე შეისყიდა 20 მლნ აშშ დოლარი და ტურისტული სეზონის პერიოდში უცხოური ვალუტის მზარდ შემოდინებასთან ერთად, ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის რეზერვების შემდგომ შევსებას ველოდებით“, – აღნიშნავენ საინვესტიციო კომპანიაში.
საქართველოში ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია ფიქსირდება. დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3929 ლარი ღირს.