Galt & Taggart-ი - მიმდინარე წლის ივლისში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად შემცირდა, იკლო ქირის ფასმაც
2024 წლის ივლისში თბილისში 3,476 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი, 1.3-პროცენტიანი კლებაა, ხოლო თვიურად – 17.6-პროცენტიანი ზრდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.
როგორც კვლევით ორგანიზაციაში აღნიშნავენ, თვიურ ჭრილში ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რამდენიმე პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერად ეფექტს.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ჯამურად, 2024 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში სულ 22,253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა. ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-3.7%), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი, 1.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ივლისში გაყიდვებში კვლავ საშუალო ზომის – 50-80 მ² ბინები დომინირებდა, რასაც მათი ხელმისაწვდომობა და გაქირავების სიმარტივე განაპირობებდა.
„2024 წლის ივლისში თბილისში 270.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად – 5.5%-იანი და თვიურად 18.4%-იანი ზრდაა. ჯამურად, 2024 წლის პირველ შვიდ თვეში 1,708.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა. ამასთან, თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად მცირედით, 0.9%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.8 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, თბილისში გასულ თვეს ყველაზე მეტი, 674 ბინა დიდი დიღმის რაიონში გაიყიდა, სადაც მ²-ის საშუალო ფასი 990 დოლარი იყო, ყველაზე ცოტა კი – ვაშლიჯვარში, სადაც უძრავი ქონების საშუალო ფასი მ²-ზე 978 დოლარია.
როგორც Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2024 წლის ივლისში გაგრძელდა სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირება, რომელიც ივნისიდან დაიწყო. სულ გაიცა 20 ნებართვა და ამ ნებართვების საცხოვრებელი ფართი წლიურად 40.3%-ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ დეველოპერები დაელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სამშენებლო ნებართვების ასაღებად.