„გალტ ენდ ტაგარტში“ მიიჩნევენ, რომ ლარის კურსზე კორონავირუსის გამო შექმნილი გაურკვევლობა და ნავთობის ფასის კლება აისახა
„გალტ ენდ ტაგარტში“ მიიჩნევენ, რომ ლარის კურსზე კორონავირუსის გამო შექმნილი გაურკვევლობა და ნავთობის ფასის კლება აისახა

ახალი კორონავირუსის ფაქტორის გამო გაურკვევლობა გაზრდილია, რასაც ასევე ნავთობის ფასების კლება ემატება, – ამის შესახებ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ ტაგარტის“ (Galt & Taggart) კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ნავთობის ფასის კლება მყისიერად აისახა რუბლის გაუფასურებაზე.

„ჩვენ, ზოგადად რეგიონი დაკავშირებული ვართ რუსეთის ეკონომიკასთან და მოლოდინები ამ კუთხით გაუარესებულია, ანუ ორი ფაქტორი ერთიანად მოქმედებს. კორონავირუსი ნეგატიურად მოქმედებს ტურიზმის მოლოდინებზე და აქ მთავარი ფაქტორი უნდა გამოვყოთ, რომ გაურკვევლობა გაზრდილია, როდის აღმოიფხვრება ვირუსის გავრცელების საშიშროება, ამაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს და მეორე ფაქტორია ნავთობის ფასის კლება“, – განაცხადა „გალტ ენდ ტაგარტის“ (Galt & Taggart) კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.

ამასთან, ევა ბოჭორიშვილი განმარტავს რუსეთის საკითხი რატომ აისახა ლართან მიმართებაში ნეგატიურ მოლოდინებზე.

„შემცირებული გვაქვს ფულად გზავნილებზე რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ტურიზმში არის რუსეთის წილი გაზრდილი. ცალსახად, რუსეთის ეკონომიკაზე ნავთობის ფასის კლება უარყოფითად აისახება და ეს შემდეგ დამატებითი ზეწოლა არის საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორებზე, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ. ანუ ჩვენს რეგიონზე და შესაბამისად, ჩვენზეც ამას ნეგატიური გავლენა ექნება. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ჩვენი აზრით, ბოლო დღეებში კურსზე აისახა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი შეფასებით, აღნიშნულ ნეგატიურ მოლოდინზე პოზიტიურად იმოქმედებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გარკვეული დადებითი შინაარსის შემცველი ინფორმაცია.

„ჩვენი აზრით, ეს ნეგატიური მოლოდინები პოზიტიურით რომ შეიცვალოს, ანუ ერთი პოზიტიური ნიუსიც რომ იყოს  კორონავირუსთან დაკავშირებით – როდის აღმოიფხვრება, რა პროგრესი ექნებათ მედიკოსებს, შეიძლება, ამან მყისიერად შემოაბრუნოს ვითარება. ამ ეტაპზე, სიფრთხილეა საჭირო, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სცენარები მომზადებული და ვხედავთ, რომ მთელი ბიზნეს საზოგადოებაც, მთავრობაც, ეროვნული ბანკიც აქტიურად არის ჩაბმული, თუ რა ზომები შეიძლება, მივიღოთ ეკონომიკაზე ნეგატიური მოლოდინების შესარბილებლად“, – აღნიშნა „გალტ ენდ ტაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.

მისი ინფორმაციით, ოპტიმისტურ სცენარია, რომ მარტი და აპრილი იქნება რთული თვე და შემდეგ ვითარება გამოცოცხლდება, ანუ უნდა დასრულდეს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე და შესაბამისად, ეკონომიკა დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.

„მეორე სცენარით კი, სადაც გაურკვევლობა გრძელდება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნეგატიური გავლენები ექნება ამას ეკონომიკაზე, როგორც საქართველოზე, ასევე მსოფლიოზე. ამ შემთხვევაში, არც ერთი ქვეყანა არ იქნება დაცული ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციებისგან. ვინაიდან საქართველო ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და ტურიზმის შემცირება, როგორც ამ ბიზნესში უშუალოდ ჩართულ კომპანიებზე და მოსახლეობაზე აისახება, ისე სხვა დარგებზეც გავრცელდება, ჯამურად კი, ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქნება, თუ ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეები არ აღმოიფხვრა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კურსზეც აისახება“, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.