„გალტ ენდ თაგარტი“ - რუსეთიდან ვიზიტორთა კლება სხვა ბაზრებიდან წელსვე დაბალანსდება
რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მეორე ნახევარში, წინა წლის მეორე ნახევართან შედარებით 47 პროცენტით დაიკლებს, სხვა ქვეყნებიდან კი, 15 პროცენტით გაიზრდება, რაც რუსეთის ფაქტორს სრულად დააბალანსებს, – ასეთ პროგნოზს საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტში“ აკეთებენ.
კომპანიის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1.9 მილიარდ დოლარი იქნება, რაც გასული წლის მაჩვენებლის ანალოგიურია.
„მთლიანობაში, ვვარაუდობთ, რომ ტურიზმის სექტორი რუსეთიდან ვიზიტორთა კლების გამო 200 მილიონ აშშ დოლარს დაკარგავს. 2019 წელს კი, ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია“, – აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს უპირატესობებს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის დივერსიფიკაცია, განხორციელებული რეფორმების წარმატება, მაკროეკონომიკური მდგრადობა, დაბალი ვალი და ძლიერი საბანკო სექტორია.
საინვესტიციო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტორები რუსული სანქციების წინაშე საქართველოს მდგრადობას განაპირობებს.
„გვჯერა, რომ მოსალოდნელი რუსული სანქციები გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დივერსიფიკაციას და ახალი მსხვილი ბაზრების, ევროკავშირისა და ჩინეთის პოტენციალის გამოყენებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
„გალტ ენდ თაგარტი“ საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე მთლიანი შიდა პროდუქტის 9.3 პროცენტის დონეზე აფასებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდეგ საქართველოს ექსპორტი რუსეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა, საქართველო პოპულარული გახდა რუს ვიზიტორებში. თუმცა, შემცირდა ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კი, რუსეთის წილი ტრადიციულად დაბალია.