გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა დასრულდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რიგით 55-ე შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორისაა გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სამართლის აღსრულება, ასევე, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. საუბარი შეეხო გალის რაიონში ქართული სკოლების მოსალოდნელი დახურვის თემასაც.
ირაკლი ანთაძის თქმით, სკოლების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა, დგინდება დეტალები და ხელისუფლება ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
მორიგი შეხვედრა გალში 18 მაისს გაიმართება.