„გალერის“ იურისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხუთ ღამის კლუბში ერთდროულად ჩატარდა
„გალერის“ იურისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხუთ ღამის კლუბში ერთდროულად ჩატარდა

„გალერის“ იურისტი ხათუნა ხურცილავა აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხუთ ღამის კლუბში ერთდროულად ჩატარდა.

იურისტის თქმით, მათ დაწესებულებაში ჩხრეკა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ამოიღეს გაურკვეველი ნივთიერება, თუ რა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჩვენგან ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულია დაცვის უფროსი ვიქტორ ჯანეტაშვილი – ადგილზე გავარკვევ ახლა ყველაფერს. ნარკორეალიზატორი ჩვენთან არ დაუკავებიათ.

ერთი დღით დაიკეტა კაფე „გალერი“ – ერთი განჩინებით მოხდა ხუთ კლუბში საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის არის „ბასიანი“, „გალერი“, „მტკვარი“. ერთდროულად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა იურისტმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დაკავებულები არიან გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

ფაქტი კლუბების სტუმრებმა გააპროტესტეს, რა დროსაც, პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებები გაგრძელდა პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქციაზე გადაინაცვლეს. დაკავებულთა შორის არიან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.