გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიხსნა. სააღდგომო გამოფენაზე 29 მხატვრის მიერ სხვადასხვა ტექნიკაში, სიმბოლურ თემატიკაზე შექმნილი 60-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
ექსპოზიციაზე ხუთი დებიუტანტი მხატვრის ნამუშევრებიცაა გამოფენილი. გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცეში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„გამოფენას ჰქვია „სააღდგომო გამოფენა“, აღდგომის დღესასწაულს დავუკავშირეთ. ორშაბათი არის მიცვალებულების დღე და, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივდივართ მიცვალებულების საფლავებზე, რომლებიც დაკრძალული არიან აფხაზეთში. გვინდოდა, აქედან რაღაცნაირად გაგვეგზავნა ის სითბო და სიყვარული, რომელიც მათ ჩვენი მიუსვლელობით აკლიათ. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბიჭები და ქალბატონები ძალიან კრეატიულად მიუდგნენ ამ გამოფენას, ბევრი ახალი ნამუშევარი შეიქმნა აღდგომის თემასთან დაკავშირებით. მგონი, საინტერესო გამოფენა გამოვიდა“, – განაცხადა მხატვარმა ზურაბ ჭედიამ.