კვლევის თანახმად, უკრაინელების მხრიდან აშშ-ის ადმინისტრაციის დადებითად შეფასების მაჩვენებელი შემცირდა, გამოკითხულთა 52%-ს მოლაპარაკებების გზით ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს
„გალაპის“ კვლევის მიხედვით, უკრაინელების მხრიდან აშშ-ის ადმინისტრაციის დადებითად შეფასების მაჩვენებელი შემცირდა, გამოკითხულთა 52% სამშვიდობო მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე გამართვის მომხრეა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან 2021 წლამდე ჩატარებულ გამოკითხვებში აშშ-ის ადმინისტრაციის მოქმედებებს დადებითად აფასებდა უკრაინელთა 20%-დან 40%-მდე. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, როდესაც ვაშინგტონმა დაიწყო მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა, ეს მაჩვენებელი 66%-მდე გაიზარდა და იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო. ამის შემდეგ მაჩვენებელი თანდათან შემცირდა და, ბოლო კვლევის შედეგებით, 40%-ს დაუბრუნდა. ამასთან, უკრაინელთა 37% აშშ-ის ადმინისტრაციის მოქმედებებს უარყოფითად აფასებს.
ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ უკრაინელთა ნახევარზე მეტს, 52%-ს მოლაპარაკებების გზით ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ხოლო 38% გამარჯვებამდე ბრძოლის მომხრეა.
ამასთან გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ კიევი ღია უნდა იყოს მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ რუსეთისათვის გარკვეული ტერიტორიების დათმობაზე მოლაპარაკებებისთვის. ამის წინააღმდეგია 38%.
როგორც „გალაპის“ კვლევაშია აღნიშნული, 2022 წელს რუსეთთან ომის გამარჯვებამდე გაგრძელებას უკრაინელების 73% უჭერდა მხარს. ამასთან, გამოკითხვაში მონაწილე უკრაინელების 70% სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორად ევროკავშირს განიხილავს, ხოლო 63% – დიდ ბრიტანეთს. უკრაინელების 54% მთავარ მომლაპარაკებლად აშშ-ს ასახლებს, ხოლო 43% – თურქეთს.