გაიოზ მამალაძე - არჩევნებზე შემოვედით, რათა საქართველო გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რაც დღეს არის და შესაძლოა, არჩევნების შემდგომ დადგეს
გაიოზ მამალაძე - არჩევნებზე შემოვედით, რათა საქართველო გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რაც დღეს არის და შესაძლოა, არჩევნების შემდგომ დადგეს

პირველ რიგში, არჩევნებში იმიტომ შემოვედით, რომ საქართველო გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და, რომელიც შესაძლოა, დადგეს არჩევნების შემდგომ, – ამის შესახებ პარტია „ქართველთა ერთობის“ თავმჯდომარემ, გაიოზ მამალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა.

„საქართველოში პოლიტიკურ ველზე გაბატონებულია სიძულვილი ორი მძლავრი პოლიტიკური პოლუსის მიერ და ფაქტობრივად, ქვეყანა მიექანება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ორივე მხარე ამბობს, რომ მოიგებს, იმარჯვებს და არანაირად არ დათმობს, რომ მეორე მხარემ გაიმარჯვოს. ეს არის საკმაოდ რთული ვითარება და ღმერთმა უწყის, როგორ დასრულდება ეს არჩევნები“, – განაცხადა მამალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გეგმა აქვს პარტიას ამ სურვილის განსახორციელებლად, გაიოზ მამალაძემ განაცხადა, რომ მათი გეგმაა, ხალხს აცნობონ, რომ აუცილებელია მესამე პოლუსის წარმოქმნა, რათა ამ ორმა პოლუსმა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში ვერ ჩაითრიოს.

„ეს ერთი და უმთავრესი. სიძულვილის მაგივრად, ჩვენ მთავარ ლოზუნგად შემოვიტანეთ – გვიყვარდეს ერთმანეთი. აქ არ არის ლაპარაკი კრიმინალებზე. ლაპარაკია უბრალო მოქალაქეებზე. „ნაციონალების“ და „ოცნების“ ამომრჩეველი ჩვენ ყველა გვიყვარს და ყველას არჩევანს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი ლიდერები, ვფიქრობთ, უნდა წავიდნენ პენსიაზე“, – განაცხადა მამალაძემ.

მისი თქმით, პარტია „ქართველთა ერთობის“ პრიორიტეტებია – 1992 წელს დაწყებული ეთნიკური წმენდის შეჩერება, რადგან ქვეყნიდან გარბის მოსახლეობის დიდი ნაწილი; მოსახლეობის სოციალურად დაპყრობის შეჩერება, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება აშშ-თან და სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობით; უკრაინის გამარჯვება, რადგან მის გამარჯვებაზეა დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ასევე, კაცობრიობის განვითარების საკითხი და ა.შ.

როგორც გაიოზ მამალაძემ აღნიშნა, პარტიას დაუკავშირდნენ და მხარს უჭერენ უკრაინაში მებრძოლი სხვადასხვა დაჯგუფება – „კავკასიური ლეგიონი“, სპეცდანაყოფი „შავი არწივი“, ქვედანაყოფი „თბილისი“, ასევე ჩეჩნეთის ლეგენდარული შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი და ა.შ.

„ჩვენი მოძრაობა გავრცელებულია და მისი მეგობრები არსებობენ არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის თუ ევროპის და მსოფლიო მასშტაბით ებრძვიან ბოროტებას. ეს ძალები უნდა გახდნენ საქართველოს მოკავშირეები. საქართველომ თავისი ინტერესები უნდა გაატაროს კავკასიაში, აუცილებლად. საქართველოს ძალიან დიდი ინტერესები აქვს კავკასიაში, კავკასიის ყველა ხალხი უნდა იყოს საქართველოს მოკავშირე და საქართველოს ძლიერება ამით უფრო განმტკიცდება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, საპროგრამო პრიორიტეტი“, – განაცხადა გაიოზ მამალაძემ.