გაიხსნება თუ არა მეტროსადგური „გურამიშვილი“ 15 მარტს მგზავრებისთვის, ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული
თბილისში მეტროსადგურ „გურამიშვილის“ გახსნის თარიღი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედეგად გაირკვევა. ამის შესახებ პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
აღნიშნული მეტროსადგური მგზავრებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების მასშტაბურობის გამო, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიკეტა. მისი გახსნა 15 მარტისთვის იგეგმებოდა, თუმცა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, როგორც „გურამიშვილზე“, ასევე, ყველა სხვა მეტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოწმების მიზნით შეჩერდა.
„გაიხსნება თუ არა მეტროსადგური „გურამიშვილი“ 15 მარტს მგზავრებისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზეა დამოკიდებული. უახლოეს პერიოდში ველოდებით დასკვნას, მისი მიღების შემდეგ გვეცოდინება საბოლოო პასუხი, ვხსნით „გურამიშვილს“ მგზავრთა მიღებისთვის, ვაგრძელებთ რეაბილიტაციას თუ ცვლილებებს შევიტანთ რეაბილიტაციის პროცესში“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შემოწმდება რამდენად უსაფრთხოა პროექტი, რამდენად სწორად არის საპროექტო სამუშაოები შესრულებული და შემდეგ გაგრძელდება რეაბილიტაცია მეტროსადგურებში.
„მოქალაქეების უსაფრთხოების და მაღალი ხარისხით სამუშაოების შესრულების მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აქვს დაკვეთილი ყველა მეტროსადგურის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა. სარებილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 6 მლნ ლარი და დაიწყება რეაბილიტაცია იმ სადგურებით, სადაც ყველაზე კრიტიკული მდგომარეობაა“, – განუცხადა პირველ არხს ირაკლი ხმალაძემ.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ახმეტელის“ თეატრის შემოწმება დასრულდა და მისი მდგრადობის კუთხით დასკვნა დადებითია, აღნიშნული სადგურით სარგებლობა მგზავრებისთვის უსაფრთხოა. ამჟამად, შემოწმება „ვარკეთილისა“ და „სამგორის“ მეტროსადგურებში მიმდინარეობს.