გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი მამუკა მამუკაშვილს საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ
გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი მამუკა მამუკაშვილს საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლაში მამუკა მამუკაშვილს ადანაშაულებენ.

მათი თქმით, პირი, რომელიც ერთ-ერთ საქმეში მთავარ მოწმედ გამოდის საგამოძიებო უწყების აგენტ-პროვოკატორია სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში.

როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე მოსიაშვილმა განაცხადა, იცავენ დარეჯან შურღაიას ინტერესებს, რომლის წინააღმდეგ საქმეში მამუკაშვილი ცრუ მოწმეს წარმოადგენს.

ადვოკატების განცხადებით, საქმე ეხება კომერციული მოსყიდვის ფაქტს და მთავარ მოწმეს წარმოადგენს სწორედ მამუკა მამუკაშვილი, როგორც ბიზნესმენი.

მისი თქმით, როდესაც ე.წ. აგენტ-პროვოკატორის ირგვლივ ინფორმაციას სწავლობდნენ და არკვევდნენ იყო თუ არა ბიზნესმენი მამუკაშვილი, ადვოკატებს შსს-დან დაუკავშირდნენ ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.

​ადვოკატის განმარტებით, მამუკაშვილმა საჩივარი დაწერა ადვოკატების წინააღმდეგ, რათა ისინი დაეშინებინა და პოლიციამაც ძალიან სწრაფად დაიწყო გამოძიება, რაც ასევე ეჭვს ბადებს.

“მივმართავთ საგამოძიებო ორგანოს, შეისწავლოს აგენტ-პროვიკატორის საქმიანობა. მამუკაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც საგამოძიებო უწყებებთან ინტენსიურად თანამშრომლობს და უდანაშაულო ადამიანებს აკავებინებს“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კიდევ ერთი ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, მამუკაშვილი და კიდევ ხაშურის ორი მკვიდრი კახაბერ თაბაგარი და ივანე ლომსაძე ათობით საქმეში საგამოძიებო უწყებების მოწმეებს წარმოადგენენ.

„ეს არის დაჯგუფება და მათ შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას. მამუკაშვილი ხან ხე-ტყის ბიზნესშია, ხან ვის წარმოადგენს და ხან ვის. ეს ადამიანები ადამიანებს აფუჭებენ, ახდენენ დანაშაულის პროვოცირებას, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმებებს უფორმებენ და თანხებს სძალავენ”, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ აღნიშნული პირების შესახებ მიმართონ საადვოკატო ბიუროს.