გაგარინის ქუჩაზე ავარიული კორპუსის დემონტაჟი უახლოეს დღეებში დასრულდება
თბილისში, გაგარინის N10-ში ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი უახლოეს დღეებში დასრულდება.
შენობის დემონტაჟის პროცესი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
დღეს ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე. თბილისის მერის განცხადებით, 18-ვე ოჯახი, რომელიც გაგარინის 10 ნომერში მდებარე კორპუსში ცხოვრობდა, საბურთალოს გამგეობამ უკვე დააკმაყოფილა დროებითი საცხოვრებელი ფართებით და არსებობს ინვესტორი, რომელიც უზრუნველყოფს ამავე ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას და მოსახლეობის დაკმაყოფილებას.
,,რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ აქედან მოსახლეობის გამოყვანა, რადგან სახლი იყო მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის წარმოადგენდა საფრთხეს. 18 ოჯახი იქნა გამოყვანილი საბურთალოს გამგეობის მიერ. ისინი უზრუნველყოფილი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით. ერთი კვირის განმავლობაში დასრულებული იქნება დემონტაჟი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ნახეს ინვესტორი, ვინც ამ კონკრეტულ ადგილზე ააშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს და ამ ადამიანების დაკმაყოფილება მოხდება.
ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა და მხარდაჭერა ამ შემთხვევაში პროექტების განხორციელების დროს. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრია ასეთი საცხოვრებელი კორპუსები ჩვენს დედაქალაქში, ყველა რაიონშია ასეთი სახლები. ეს შეიძლება იყოს ე.წ. ხრუშჩოვკები, შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართი ან ისტორიული შენობა-ნაგებობები. ყველგან გვექნება ასეთი მიდგომა. 2018 წლიდან ვიწყებთ ავარიული ფონდის შექმნას, რომ შესაბამისად, ეს პრობლემა წლების განმავლობაში იქნეს მოგვარებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.
გაგარინის 10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟის პროცესი 14 ნოემბერს დაიწყო. თავდაპირველად დაინგრა შენობის ის ნაწილი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა. შემდეგ კი დემონტაჟის პროცესი შენობის შიდა ნაწილში განხორციელდა. როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელი აცხადებს, სავარაუდოდ ერთ კვირაში აღნიშნული ტერიტორია ნანგრევებისგან სრულად გაიწმინდება.