გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ უნდა შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირების უფლებების სრულად დაცვა
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ უნდა შეცვალოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირების უფლებების სრულად დაცვა

2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ შეასუსტა ძირითად უფლებათა დაცვის ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ორივე ინიციატივა არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

„კერძოდ, არღვევს გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა შეზღუდული კონსულტაციის პროცესის შედეგად. პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონი 2024 წლის მაისში შეიცვალა, მაგრამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. „თბილისის პრაიდი“ 2024 წელს არ გაიმართა რეპრესიებისა და ძალადობის შიშის გამო. პარლამენტში სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გაუქმებით, პარლამენტმა გააუქმა ამ კვოტების 2032 წლამდე გახანგრძლივების ვალდებულება, რომელიც კომისიამ დადებითად შეაფასა 2023 წელს, როგორც გენდერული თანასწორობის პრიორიტეტის განხილვის საფუძველი. კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება.

საქართველომ მომავალ წელს უნდა გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“; მიიღონ ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასაცავად; გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება; მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები სიძულვილის ენისა და დანაშაულების აღკვეთისა და თავიდან აცილებისთვის; გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი; გამოიძიოს და დაისაჯოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ ძალადობის ორგანიზატორები; შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარი (LGBTIQ) პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმით, მათ შორის დაინტერესებული მხარეების ფართო მონაწილეობით; ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩო; გააძლიეროს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.