გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატა დღეს  ბრექსიტის შეთანხმებას კენჭს კიდევ ერთხელ  უყრის
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატა დღეს ბრექსიტის შეთანხმებას კენჭს კიდევ ერთხელ უყრის

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატა დღეს ბრექსიტის შეთანხმებას კენჭს კიდევ ერთხელ უყრის. თუმცა, ეს არ იქნება საბოლოო, გადამწყვეტი კენჭისყრა, რადგან კენჭისყრაზე შეთანხმებიდან მხოლოდ რამდენიმე პუნქტია გატანილი. კერძოდ, კანონმდებლები კენჭს უყრიან ირლანდიის საზღვრის უხილავად შენარჩუნებისთვის „სათადარიგო გეგმას“, ევროკავშირიდან გამოყოფის ხარჯებსა და მოქალაქეთა უფლებებს. ამჯერად არ განიხილება ევროკავშირთან გაერთიანებული სამეფოს მომავალი ურთიერთობების საკითხი.

მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა დღის წესრიგში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის რვა ალტერნატიულ ვარიანტს მხარი არ დაუჭირა. ახლა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თემთა პალატას მოუწოდებს, კენჭისყრაზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ ევროკავშირიდან გასვლის პირობებს, პოლიტიკური დეკლარაციები კი მომდევნო კვირისთვის გადადონ. თუმცა, ასეთი მიდგომა კანონმდებლებს აშინებთ. ლეიბორისტული და დემოკრატიული უნიონისტური პარტიის წევრებმა უკვე დააფიქსირეს, რომ აღნიშნულ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ.

გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი ოფიციალურად დღეს 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ლონდონმა ამ პროცესის გადავადება ითხოვა. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლები ბრექსიტის შეთანხმებას მხარს დაუჭერენ, ქვეყანა ევროკავშირს 22 მაისამდე დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი გაერთიანებიდან შეთანხმების გარეშე 12 აპრილს გავა.