გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დავით ჯანდიერი და თინა ბოკუჩავა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შეხვდნენ
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დავით ჯანდიერი და თინა ბოკუჩავა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებზე იმსჯელეს.
„შეხვედრა შეიძლება ითქვას, პოზიტიურად დასრულდა იმ თვალსაზრისით, რომ ქალბატონი თამარი იზიარებს პოზიციას, რომელიც ჩვენ გვაქვს. სამ ძირითად საკითხზე იყო საუბარი. პირველი – მიმდინარე პრობლემა, რომელიც უკავშირდება ხმის მიცემის ფარულობას, როდესაც ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი სხვა პირებისთვის ხდება ცნობილი ისე, რომ არ ხდება ამ ბიულეტენის ანონიმურად კონვერტში მოთავსება და საარჩევნო ყუთში ჩაგდება. მეორე – ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ ყოფილა, განსხვავებით ცესკო-ს დღევანდელი განცხადებებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ფოტოსურათიანი სიების გამოყენება არის კანონიერი. ჩვენი კატეგორიული პოზიცია არის, რომ საარჩევნო კოდექსი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ქალბატონმა თამარმა თქვა ისიც, რომ სავარაუდოდ ამ საკითხში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართულობაც შეიძლება მიზანშეწონილად იყოს მიჩნეული.
და ყველაზე მნიშვნელოვანი, რის შესახებაც მან ჩვენს თვალწინ დავალება მისცა საარჩევნო ადმინისტრაციებს, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მასობრივად ხდება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების და ასევე, სხვა დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება. ეს არის ის სამი საკითხი, რომელზეც საუბარი გვქონდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკითხების ნაწილი პოზიტიურად იყო მიღებული, განსაკუთრებით, ბოლო ნაწილთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ რვა საათამდე და შემდგომაც არ გვექნება უფრო რთული ვითარება, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ დავით ჯანდიერმა.
შეხვედრაზე შესვლამდე გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ფოტოსურათებიანი სიის გამოყენება არის კანონდარღვევა, რადგან კანონის მიხედვით, აღნიშნული სიები შეიძლება მართლაც ჰქონდეთ პოლიტიკური პარტიას ან პოლიტიკურ ჯგუფს, თუმცა აღნიშნული სიების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ მიზნით, რომ გასწორდეს ხარვეზები საარჩევნო სიებში და ეს უნდა მოხდეს არჩევნებამდე 18 დღით ადრე. ცესკო-ში კი აცხადებენ, რომ ფოტოსურათებიანი სია არის საჯარო და მისი გამოყენება შეუძლია პოლიტიკურ პარტიას, თუმცა მთავარია, რომ აღნიშნულ სიაზე არ იყოს დატანილი პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის პირადი ნომერი.