გიორგი ვაშაძე - გაერთიანებული ოპოზიცია ხმების დაცვის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს
გაერთიანებული ოპოზიცია შუალედურ არჩევნებში ხმების დაცვის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულის თაობაზე განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
გიორგი ვაშაძის თქმით, იმ სტრატეგიას იწყებენ, რომელზეც დიდი ხანი იმუშავეს.
„სტრატეგიაა – რიგითი ბიულეტინის გადასარჩენად. ზუგდიდში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს შეგახსენებთ, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 1500 ბიულეტენი გააბათილა. არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე ბიულეტენი ტყუილად გააბათილონ, რადგან მათი დავალებაა, რომ ჩვენი ხმები ბათილ ბიულეტენებში გადაყარონ, ანუ, ხმები დაგვაკლონ. ჩვენთვის მთავარია, თითოეული ბიულეტენის დათვლა, თითოეული ხმის მიტანა საოლქოში და ყველა სამართლებრივი პროცედურის უნაკლოდ გავლა, რაც ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ საარჩევნო დღეც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ არა ერთი უკანონო და უმსგავსო ქმედება აღკვეთეს.
„ის, რასაც „ქართული ოცნება“ ზუგდიდში, ზესტაფონსა და მარნეულში სჩადიოდა, შორსაა დემოკრატიული სტანდარტისგან. იყო მოსყიდვა, დაშინება, კორიდორები, რათა ხალხზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და წნეხი მოეხდინათ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. გამარჯვების დაფიქსირებამდე ცოტა დარჩა და სტრატეგიას ვიწყებთ. თითოეულ ბიულეტენს ვიცავთ იმისგან, რომ არ გააბათილონ და ხმა არ წაგვართვან. ახლა უფრო რთული პროცესი იწყება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.