გაერთიანებული ერების რეზოლუცია „სპორტისა და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით მშვიდობიანი და უკეთესი სამყაროს შექმნის“ შესახებ
გაერთიანებული ერების რეზოლუცია „სპორტისა და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით მშვიდობიანი და უკეთესი სამყაროს შექმნის“ შესახებ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ორსაათიანი განხილვის შემდეგ სამხრეთ კორეის მთავრობისა და გაეროს წევრი რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით „სპორტისა და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით მშვიდობიანი და უკეთესი სამყაროს შექმნის“ შესახებ შედგენილი რეზოლუცია მიიღო.

გაეროს რეზოლუცია მსოფლიოს ერებს მოუწოდებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში მტკიცედ დაიცვან „ოლიმპიური ზავის“ პრინციპები, უზრუნველყონ ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენების, ოფიციალური და სხვა აკრედიტებული პირების უსაფრთხო გადაადგილება და შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროისა და ადგილის გათვალისწინებით, უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა – ნათქვამია რეზოლუციაში.
პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებით აქტუალური გახდა დაძაბული ვითარების გამო, რომელიც მეზობელი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარეობს.

ოლიმპიადის ორგანიზატორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შიშის საფუძველი არ არსებობს და თამაშები პიონჩანგში უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.