გაერთიანებულ სამეფოში ტრადიციული ტელევიზიის ყურების მაჩვენებელი რეკორდულად იკლებს
გაერთიანებულ სამეფოში ტრადიციული ტელევიზიის ყურების დონე გასული წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე (Ofcom) დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
„იმის პარალელურად, რომ ჩვენ ვხედავთ მოსმენისა და ყურების ტრადიციული სერვისების მოხმარების საგრძნობ კლებას, რეკორდულად იზრდება ჩვენი ციფრული სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი. კერძოდ, 11%-ით გაიზარდა BBC iPlayer-ის მოხმარების მაჩვენებელი, ხოლო BBC Sounds-ის გაზრდილია 50%-ით. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, გადავწყვიტეთ, ვუპასუხოთ აუდიტორიის მოთხოვნებს“ – განაცხადა BBC-ის სპიკერმა.
მისივე თქმით, BBC One-ის ყურების მაჩვენებელი 12%-ით უფრო დაბალია, ვიდრე 2017 წელს იყო, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი შორდება ტელევიზორს და ონლაინშოუების საყურებლად ირჩევს ისეთ თანამედროვე მოწყობილობებს, როგორებიცაა ლეპტოპები, ტაბლეტები და სმარტფონები.
გარდა ამისა, Ofcom-ის მონაცემებით, საგრძნობლად შემცირდა ტრადიციული ტელევიზიის ყურებადობა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში. მსგავსი შედეგი კვლევამ პირველად დააფიქსირა, რადგან ტელევიზია ყოველთვის პოპულარული იყო საპენსიო ასაკის მომხმარებელში. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი პირები ძირითადად სარგებლობენ ისეთი სტრიმინგსერვისებით, როგორიცაა Disney+ (მოხმარება გაზრდილია 7%-დან 12%-მდე). რაც შეეხება Netflix-სა და Amazon Prime Video-ს, 65-ზე მეტი წლის ადამიანები ამ პლატფორმებითაც სარგებლობენ, თუმცა მოხმარების მაჩვენებლი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არ შეცვლილა.
რაც შეეხება ტრადიციული მაუწყებლების მიერ შექმნილ VOD პლატფორმებს, მათი მოხმარების მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს.
როგორც BBC წერს, გასაკვირი არ არის, რომ ტელევიზორის ყურების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა ბავშვებსა და ახალგაზრდებში, კერძოდ, 2012 წლის შემდეგ შემცირებულია 73%-ით.
როგორც Ofcom-ის წარმომადგენელმა განაცხადა, სულ უფრო მცირდება ტრადიციული მაუწყებლების ლაივ პროგრამების მაყურებელთა რიცხვი და, წინა წლებისგან განსხვავებით, არც საინფორმაციო გამოშვებებსა და „საპნის ოპერებს“ ჰყავთ მასობრივად დიდი აუდიტორია.
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლის ქცევა წლიდან წლამდე იცვლება, რაზეც ბოლო კვლევებიც მეტყველებს, ტრადიციული სამაუწყებლო და რადიო სერვისების მხარდამჭერი – 2040+-ის სპიკერი აცხადებს, რომ ტრადიციული ტელევიზიის არსებობა უმნიშვნელოვანესია მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სწრაფ ინტერნეტზე ან არ შეუძლიათ თანხის გადახდა ძვირიან სტრიმინგ პლატფორმებში.
BBC ასევე წერს, რომ ტელევიზიის ყურებადობის შემცირების გამო, ფინანსურად ძალიან წამგებიანი წელი იყო სამაუწყებლო ინდუსტრიისთვის, იმ ტელეარხებისთვის, რომლებიც რეკლამიდან შემოსული თანხით ფინანსდებიან. ისეთმა ტელეკომპანიებმა, როგორებიცაა ITV, Channel 4 და Channel 5, 2021 წელთან შედრებით, 2022-ში, ჯამურად, 97 მილიონზე ნაკლები ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავეს.
ტელევიზიისგან განსხვავებით, გაერთიანებულ სამეფოში რადიო პოპულარობას არ კარგავს. ბოლო მონაცემებით, ადამიანების 88% კვირაში საშუალოდ 20 საათს უთმობს რადიოს სხვადასხვა ფორმატის, მათ შორის მუსიკისა და პოდკასტის, მოსმენას.
წყარო: BBC