გაერთიანება „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ აცხადებს, რომ „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ემიჯნებიან და პროცესების მართვას საკუთარ თავზე იღებენ
გაერთიანება „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ აცხადებს, რომ „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ემიჯნებიან და პროცესების მართვას საკუთარ თავზე იღებენ

​სტუდენტური გაერთიანება „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ განცხადებას ავრცელებს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ემიჯნებიან და პროცესების მართვას საკუთარ თავზე იღებენ.

სტუდენტების თქმით, მათი მოძრაობა ხსნის პროცესს, რათა საპროტესტო პროცესმა მიიღოს „ნამდვილად საერთო სახალხო ხასიათი“. მათი განცხადებით, სისტემური ცვლილება პირველ რიგში საორგანიზაციო ამოცანაა და საჭიროებს მეტი ადამიანის ჩართულობას.

„20 ივნისის პროტესტზე სირცხვილიამ კი არ გამოიყვანა ხალხი, ხალხი თვითონ გამოვიდა. საჭიროა ამ ხალხის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა!

სტუდენტებს ევროპული მომავლისათვის, რომელიც აერთიანებს მრავალი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტს და ახალგაზრდას, მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისის აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები, ისევე როგორც ბოლო 3 წლის მანძილზე გამართული რამდენიმე ხალხმრავალი დემონსტრაციისას, ნებსით თუ უნებლიეთ, ახერხებს საპროტესტო დემონსტრაციების მასშტაბის, მუხტისა და სულისკვეთების გახლეჩასა და შესუსტებას. ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა თუ პრეტენზია, რომელიც საზოგადოებას და განსაკუთრებით სტუდენტებს, აქვთ აღნიშნული ქმედებების მავნებლურ შედეგებზე, რაზეც სამწუხაროდ მორიგ ჯერზე პასუხისმგებლობას გაურბის „სირცხვილია“. საქართველოს საზოგადოება იმსახურებს იცოდეს პროცესის გეგმა და სტრატეგია. „სირცხვილიას“ ლიდერების მიერ წარმოებული საპროტესტო აქცია წყალს ასხამს ქართული ოცნების პოლიტიკას. სწორედ „სირცხვილიას“ ლიდერების ძალისხმევით 150 000 ათას კაციანი პროტესტი ორ კვირაში 50 ადამიანამდე დაიყვანეს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ აერთიანებს მრავალ ღირსეულ და თავის ქვეყნისათვის თავდადებულ ადამიანს რომლებიც ჩვენსავით მოტყუებულები აღმოჩნდნენ, ჩვენი პრეტენზიები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე, ვინც ამ რეალობაში ჩაგვაყენა და ეს არ ხდება პირველად.

ამჯერად, გამომდინარე საერთო სახალხო პროტესტის არნახული სულისკვეთებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული შესაძლებლობის სწორად გააზრებისა, ქართული საზოგადოება და მისი ახალგაზრდობა პირველ რიგში, არ დაუშვებს საპროტესტო ტალღის შესუსტებას და ოლიგარქისთვის სასათბურე პირობების შექმნას, რათა მან საბოლოოდ გადაჩეხოს ჩვენი სახელმწიფო რუსულ პერიფერიულ უფსკრულში“,- აცხადებენ სტუდენტები.

მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მართავდნენ შეხვედრებს საქართველოს მოსახლეობასთან როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

„ჩვენ, სტუდენტები, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვმართავდით შეხვედრებს საქართველოს მოსახლეობასთან, როგორც დედაქალაქში ისე რეგიონებში, ვიცით ხალხის განწყობა და სურვილი. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

ჩვენი მოძრაობა ხსნის პროცესს, რათა საპროტესტო პროცესმა მიიღოს ნამდვილად საერთო სახალხო ხასიათი. სწორედ ამიტომ ჩვენი კარი ღიაა არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ საზოგადოების ყველა ფენისა და თაობის წარმომადგენლებისთვის. სტუდენტები დარჩებიან ამ მოძრაობის ფლაგმანი და ლოკომოტივი, თუმცა ჩვენ შემოგვიერთდებიან ლექტორები, მასწავლებლები უფროსი ასაკის სხვა წარმომადგენლები. რადგან კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მოტყუებულები, ჩვენ ავიღებთ პროცესების მართვას ჩვენს თავზე და გავაგრძელებთ ჩვენი გეგმით სვლას. შემოგვიერთდით ევროპული მომავლისათვის“,- აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.