გაეროს უშიშროების საბჭო - ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები უნდა გამკაცრდეს
გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები უნდა გამკაცრდეს. მიზეზი მათ მიერ კიდევ ერთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდაა, რომელსაც ოფიციალური ფხენიანი წარმატებულ ტესტად აფასებს.
მათი თქმით, ბირთვული იარაღი მზადაა შეერთებული შტატების ტერიტორიასაც მიწვდეს.
ბალისტიკური რაკეტა, რომელიც 29 ნოემბერს დილით გაუშვეს, იაპონიის წყლებში დაეშვა და საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, კიმ ჩენ ინის მთავრობამ უკვე ათობით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ჩრდილოეთ კორეული მედია კი ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ქვეყნის ლიდერი რაკეტის გაშვებას თავად აკვირდებოდა.