გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციით, სტარტაპ კონკურსის ჩატარება იგეგემება
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ინიციატივით, გლობალურ ტურიზმთან დაკავშირებით, სტარტაპ კონკურსის ჩატარება იგეგემება, რომელიც მსოფლიოს 164 ქვეყანას მოიცავს.
კონკურსის მიზანია ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაცია, ინოვაციების დანერგვა, ახალ ბიზნესმოდელებზე ორიენტირებული სტარტაპების წარმოჩინება, მათ შორის, წრიული ეკონომიკისა (circular economy) და გაზიარებითი ეკონომიკის (sharing economy) მიმართულებით.
კონკურსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ კასრაძემ მიაწოდეს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით, პროექტში ჩართულია ცნობილი საკონსულტაციო კომპანია – Barrabés.biz, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის თვალსაზრისით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ბიზნეს მოდელები დაკავშირებული უნდა იყოს შემდეგ ოთხ ძირითად სფეროსთან:
(მოგზაურობის სამომავლო განვითარება – The future of travel);
(შთაბეჭდილებები ტურიზმის სექტორში- The tourism experience);
(გარემოზე ზეგავლენა – Environmental impact);
(თემის განვითარება – Community development).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა 3 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – www.tourismstartups.org.
გამარჯვებულ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ ტურიზმის სექტორში წამყვან კომპანიებთან. განცხადება კონკურსის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად გააკეთა.
„წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი კონფერენციის მოწვევით საქართველოში. მათ შორის იყო ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია და მთის კურორტების განვითარების კონფერენცია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ახლა ახალ პროექტს იწყებს. ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ, შეიტანონ სტარტაპ პროექტები ამ კონკურსის ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართული სიტყვა ვთქვათ მსოფლიო ტურიზმის განვითარების საკითხებში“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.