გაერო-ს გენერალური ასამბლეა 21 დეკემბერს საგანგებო სესიას გამართავს
გაერო-ს გენერალური ასამბლეა 21 დეკემბერს საგანგებო სესიას გამართავს

გაერო-ს გენერალური ასამბლეა ხუთშაბათს საგანგებო სესიას გამართავს. საერთაშორისო ორგანიზაციის 193 წევრი არაბი და მუსლიმი სახელმწიფოების თხოვნის საფუძველზე შეიკრიბება.

სესია დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების თემას შეეხება.

ორშაბათს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 15 წევრიდან 14-მა მხარი ტრამპის დეკლარაციის გაუქმებას დაუჭირა.

ეგვიპტის მიერ კენჭისყრისთვის წარდგენილ დოკუმენტში არ იყო მოხსენიებული არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც მისი პრეზიდენტი, თუმცა იერუსალიმის სტატუსის ცვლილების გამო შეშფოთება იყო გამოხატული.

უშიშროების საბჭოს წევრების პოზიციას აშშ-ის წარმომადგენელმა ვეტოთი უპასუხა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ არასდროს დაივიწყებს მათ ხელის შეშლის მცდელობას. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა პალესტინამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეკრება.

1950 წლის რეზოლუციის მიხედვით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის მოწვევა მაშინ ხდება, თუ უშიშროების საბჭო შექმნილ ვითარებაში უძლური აღმოჩნდება.