გაერო - უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის შესაძლო გამოცხადება ჰორიზონტზე არ ჩანს, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს
უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის შესაძლო გამოცხადება ჰორიზონტზე არ ჩანს, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას მარტინ გრიფიტსმა ისაუბრა თავისი მცდელობის შესახებ, მიეღწია შეთანხმებისთვის ადგილობრივ დონეზე ცეცხლის შეწყვეტისთვის, რათა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა მოხდეს. აღნიშნული საკითხის განსახილველად მიმდინარე თვეში გრიფიტსმა შეხვედრები გამართა მოსკოვსა და კიევში. მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებს ადგილობრივ დონეზე ცეცხლის შეწყვეტა დღის წესრიგში ჯერ არ აქვთ.
როგორც გაერო-ს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო გამოცხადება დამოკიდებული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები არ არის ჰორიზონტზე ახლა, თუმცა შესაძლოა, იყოს უახლოეს კვირებში. ეს დამოკიდებული იქნება ორ საკითხზე – რა თქმა უნდა, ომზე და მოლაპარაკებებზე, რადგან მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება მხოლოდ ნდობის მინიმალური დონის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა, გამოვიდეს ამ მოლაპარაკებებიდან“, – განაცხადა გრიფიტსმა.
ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაერო გეგმავს ჰუმანიტარული კოლონის გაგზავნას დონეცკის ოლქში, იქიდან კი ლუგანსკში. ამასთან, გრიფიტსი მიმდინარე კვირაში თურქეთში გეგმავს ჩასვლას, სადაც პრეზიდენტ ერდოღანთან უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებების პერსპექტივას განიხილავს.